მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილს 20 აგვისტოს პირველი შვილი შეეძინა. გოგონას აივი-ნიკოლი დაარქვეს. ბავშვის პირველი ფოტო „ინსტაგრამზე“ მოდელმა უკვე გამოაქვეყნა წარწერით: „აივი-ნიკოლ. სახელი, მოწონების გარდა, რაიმე იდეის მატარებელი მაინც უნდა იყოს. ა - ანბანის პირველი ასო, ხოლო Ivy – I – რომაულად პირველს ნიშნავს. წრეც შეიკრა და სახელიც მიუახლოვდა იდეას, იდეას, რომ პირველია და პირველი ბედნიერებაა“, – დაწერა ნანუკამ.
ახალშობილის ფოტოები ასევე გამოაქვეყნა მოდელის ცნობილმა დამ, უფროსი დის მსგავსად, „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელმა მოდელმა და ტელეწამყვანმა ნინი გოგიჩაიშვილმაც.
ნანუკა და მისი მეუღლე, მილიონერი ნიკოლოზ ნაყოფია ქალის ორსულობის ბოლო თვეებში ამერიკაში გაემგზავრნენ. სწორედ იქ მოევლინა სამყაროს წყვილის პირველი შვილი. ორსული ნანუკა სოციალურ ქსელებში კალიფორნიიდანაც აქტიურობდა, შვილის გაჩენამდე აიცრა კიდეც და ვაქცინაციისკენ საზოგადოებასაც მოუწოდა.
ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი.
ბოლო წლებია მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას რძალი გახდებოდა.