ხვალიდან იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნება

ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. ხვალიდან, 23 აგვისტოდან იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნება, ნათქვამია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოეწყობა და მოსახლეობას საშუალება ექნება რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.
საუნივერსიტეტო სივრცეში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად 1000-დან 1500 ადამიანამდე აცრას. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით.
„23 აგვისტოს, 10:00 საათიდან ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსახლეობას ეძლევა საშუალება რეგისტრაციის გარეშე ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მეუფე გრიგოლი: დღემდე ბევრი ვაქცინა მაქვს გაკეთებული
უწყების ცნობით, რეგიონში უახლოეს დღეებში კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონში გაიხსნება.
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით რვა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მუშაობს, სადაც კორონავირუსზე აცრისთვის წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. ესენია: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსი; ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ); „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი; სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლი“; მცხეთის სამედიცინო ცენტრი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჯამში 962.165 აცრა ჩატარდა, მათგან  სრულად ვაქცინირებულია 286.187 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10%-ს შეადგენს.  რაც შეეხება სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულებს, მათი რაოდენობა 675.978 ადამიანს შეადგენს, რაც მოზრდილი მოსახლეობის 23.7%-ია. 21 აგვისტოს აიცრა 23 303 პირი.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.