თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს მილების გაყვანა დანიის ეკონომიკურ ზონაში დასრულდა, ამას მოწმობს ხომალდების პოზიციონირების გლობალური სისტემა MarineTraffic-ის მონაცემები.
სისტემის მონაცემები აჩვენებს, რომ დანიის წყლებში მშენებლობის დასრულებაზე მომუშავე ხომალდმა „ფორტუნამ“ 21 აგვისტოს გერმანიასთან საზღვაო საზღვარი გადაკვეთა. ივლისის ბოლოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს მშენებლობის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG განაცხადა, რომ „ფორტუნა“ მუშაობას პროექტის დასკვნით მონაკვეთზე აგრძელებს.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე — წელიწადში 55 მლრ კუბომეტრი ბუნებრივი აირი. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG, რომლის ერთადერთი აქციონერია „გაზპრომი“. პროექტის ევროპელი პარტნიორებია Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall.
აშშ-ის ხელისუფლება ეკონომიკური სანქციების დაწესებით ეწინააღმდეგება პროექტს და ცდილობს, ევროკავშირს თავს მოახვიოს თავისი თხევადი გაზი. უკრაინა, რომელიც პროექტის შედეგად რუსეთისგან გაზის ტრანზიტის საფასურის დაკარგვას ელის, ასევე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ გამოდიოდა. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის წმინდა ეკონომიკური პროექტი, რადგან ბალტიის ზღვით გატარებული მარშრუტი 2 ათასი კილომეტრით მოკლეა უკრაინაზე გამავალ მარშრუტთან შედარებით.
რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაზსადენის მშენებლობა პრაქტიკულად დამთავრებულია, ზღვის ფსკერზე მხოლოდ 15 კმ მილების გაყვანაღაა დარჩენილი.