ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში ვაქცინაცია მიმდინარეობს

ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარების ვაქცინაცია მიმდინარეობს.
იმუნიზაციის პროცესი Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინებით ტარდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, პროგრამაში ჩართულ სხვა დანარჩენ თავშესაფრებსა და ხანდაზმულთა სახლებში ვაქცინაციის პროცესი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დასრულდება.
ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. მისი თქმით, შიდა ქართლში მობილური ჯგუფების მიერ ყოველდღიურად ხდება მოსახლეობის ადგილზე აცრა.
„გარდა ადგილობრივებისა, ვაქცინაცია ტარდება ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარშიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები დროულად აიცრან, განსაკუთრებით კი ის პირები, რომლებიც რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან“, - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.
ახალციხეში ქელეხში კორონავირუსით ათობით ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის ორსულები
როგორც პარასკევს გაბუნიამ აღნიშნა, თავშესაფრებში დაახლოებით 100 ადამიანია აცრილი. დაახლოებით 250 ადამიანი შეადგენს სამიზნე ჯგუფს ბენეფიციარებისა და მომვლელი პერსონალის ჩათვლით, ვინც განაცხადა თანხმობა, რომ აიცრას.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.901-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 510.941-ს მიაღწია. დღეს პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსმა 74 ადამიანი იმსხვერპლა.
21 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 938.705 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661.788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23,2%, სრულად ვაქცინირებულია 276.917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9,7%. 20 აგვისტოს აიცრა 28.555 ადამიანი, რაც ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.