თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 11 მუნიციპალიტეტში მერობის 14 დამოუკიდებელი კანდიდატი დაარეგისტრირა.
ქალაქების მერობის არჩევნებში პარტიული კანდიდატების გარდა მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებსაც საინიციატივო ჯგუფები წარადგენენ.
ცესკოს მონაცემებით, დღეისათვის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები დარეგისტრირებულია 11 მუნიციპალიტეტში: ლაგოდეხში, წალკაში, ყაზბეგში, ხაშურში, ნინოწმინდაში, მესტიაში, თერჯოლაში, ბაღდათში, ჭიათურაში, ოზურგეთსა და ბათუმში. ამავე დროს, ბათუმში, ოზურგეთსა და ხაშურში რეგისტრაცია ორ-ორმა კანდიდატმა გაიარა.
ოფიციალურად კანდიდატების რეგისტრაცია 8 სექტემბერს დასრულდება, ადგილობრივი არჩევნები კი 2 ოქტომბერს გაიმართება.
ექსპერტების პროგნოზებით, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მერობისთვის ძირითადი ბრძოლა წარიმართება მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.
„ქართულმა ოცნებამ“ თავიანთი კანდიდატები წარადგინა 64 მუნიციპალიტეტში, ხოლო ოპოზიციამ „ნაცმოძრაობის“ მეთაურობით - 30-ში.