მაშველებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე შეუძლოდ მყოფი ტურისტები თბილისში გადმოიყვანეს

საფრანგეთის სამი და საქართველოს ერთი მოქალაქე ტურისტულ თავშესაფარში შეუძლოდ გახდა. მათი შეუძლოდ გახდომის მიზეზი არ სახელდება
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიიდან შეუძლოდ მყოფი ოთხი ტურისტი თბილისში გადაიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2.500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტურისტულ თავშესაფარში იმყოფებოდა ოთხი მოქალაქე, რომლებიც იყვნენ შეუძლოდ და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.
უწყების თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა.
„მოქალაქეების დასახმარებლად  სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მეხანძრე-მაშველებმა შეუძლოდ მყოფი საფრანგეთის სამი და საქართველოს ერთი მოქალაქე ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაანაწილეს.
ტურისტების შეუძლოდ გახდომის მიზეზი არ სახელდება.