სახელმწიფო ემიგრაციიდან დაბრუნებულებს დაეხმარება

პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში არალეგალურად მუშაობდნენ საზღვარგარეთ ან თავშესაფარს ითხოვდნენ, და 12 თვე არ გასულა, რაც სამშობლოში დაბრუნდნენ.
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას იწყებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამ ეტაპზე სააგენტო დააფინანსებს 100 პროექტს. ეს ყოფილ მიგრანტებს დაეხმარება სამშობლოში დაფინანსების წყაროსა და სამუშაოს მიღებაში. ამასთან, გრანტები გაიცემა როგორც საკუთარი საქმის წამოწყების, ისე მისი გაფართოებისთვის.
ოთხი წლის განმავლობაში 13 ათასი დევნილი ოჯახის ბინებით უზრუნველყოფა მოხდება
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.
განაცხადების მიღება 10 სექტემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგ სპეციალური კომისია განიხილავს თითოეულ პროექტს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 4 ათასი ლარია.
განაცხადები ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: გამოცდილება და პროექტის განხორციელების უნარი, პროექტის განხორციელების ალბათობა, მდგრადობის კრიტერიუმები, რისკები, ფინანსური ნაწილი, წყაროს მიღების აუცილებლობა და მიგრაციის ისტორია. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით კომისია 0-დან 2-მდე ქულებს დაწერს. დაფინანსებას მიიღებს განაცხადი, რომელიც მაქსიმალურ ქულას დააგროვებს.