თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ქვეყნის გაურკვეველი სტატუსიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავღანეთს დახმარებას უჩერებს.
„ამ დროისათვის საერთაშორისო თანამეგობრობაში არ არსებობს მკაფიო გაგება ავღანეთის მთავრობის აღიარებასთან დაკავშირებით, რის გამოც ქვეყანას ვერ ექნება წვდომა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხებისა და სხვა რესურსების სპეციალურ უფლებებზე“, — ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირაში სსფ-ს ავღანეთისთვის დაახლოებით 400 მლნ დოლარის დახმარება უნდა გადაერიცხა.
მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას ჯერ არ უღიარებია მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ლეგიტიმურ ხელმძღვანელობად.
ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ბოლო ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა.
17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ქვეყნის მმართველობის ახალი ფორმა, ბოევიკები გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარს აცხადებენ.