თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. მესტიაში მასწავლებლებმა და სკოლების თანამშრომლებმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებსა და ცნობილ ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ვაქცინაცია ჩაიტარეს. ინფორმაციას UNICEF Georgia ავრცელებს.
შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარდა.
საინფორმაციო შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და ეპიდემიოლოგები: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.
მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა ახალციხესა და ზუგდიდში, სადაც შეხვედრის შემდეგ დამსწრე პედაგოგების უმრავლესობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
„იუნისეფი“ ადვოკატირებას უწევს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სხვადასხვა ჯგუფებში - მასწავლებლებში, ექიმებში, რელიგიურ ლიდერებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებში. გაიმართა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები, რომელთაც მოჰყვა სამიზნე ჯგუფების ვაქცინაცია.
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ეხმარება მთავრობას რუტინული იმუნიზაციის პროგრამების გატარებაში, ამას გარდა, მისი თხოვნით, COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით ხელი შეუწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოწოდებას.
განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ვაქცინირებულ პედაგოგთა პროცენტული რაოდენობა იზრდება.
საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით. ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 67,3 ათასი პედაგოგია.
დღეისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 857.056 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი. ბოლო ერთ დღეში კი 25.241 ადამიანი აიცრა.