ლეიბორისტი ჩხარტიშვილი ჰოსპიტალში მოხალისედ ჩაეწერა

პოლიტიკოსმა ხელისუფლებას მოუწოდა, გადაამზადოს მოხალისეები, რათა მათ ინფიცირებულების დახმარება შეძლონ.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. კანდიდატი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, „ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მოხალისედ ჩაეწერა საველე ჰოსპიტალში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს უმკურნალებენ.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითი დღე უარესდება. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი თითქმის 6 ათას ადამიანს გამოუვლინდა.
„მზად ვარ ვიყო მოხალისე და, მიუხედავად საარჩევნო კამპანიისა, ამ ჰოსპიტალში ან სხვაგან ვიმუშაო, თუნდაც ფერშლად, თუნდაც სანიტრად“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, ახლა ყველა ადამიანმა უნდა აიღოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაეხმაროს ექიმებს.
„მე საკუთარ ოფიციალურ გვერდზე „ლაშა ჩხარტიშვილის“ სახელწოდებით დავიწყებ მოხალისეთა რეგისტრაციას და იმედი მაქვს, რომ ათასობით ადამიანი გამოთქვამს სურვილს“, – განაცხადა მან.
ჩხარტიშვილმა სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყოს მოხალისეების გადამზადება, რათა მათ ინფიცირებულების დახმარება შეძლონ.