„იძულებული ვიყავი“ - ავღანეთის პრეზიდენტმა ხალხს მიმართა

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. პრეზიდენტმა ქვეყანაში მალევე დაბრუნების პირობა დადო
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. ქვეყნიდან გაქცეულმა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვა, ვინაიდან არ სურდა, სისხლისღვრის მიზეზი გამხდარიყო. იუწყება РИА Новости.
„დაწვრილებით იმის შესახებ, რაც ქაბულის დაცემის დღეს მოხდა, მოგვიანებით გიამბობთ... იძულებული ვიყავი, ავღანეთი დამეტოვებინა, რადგან არ მსურდა, გავმხდარიყავი მიზეზი, რომლის გამოც ქაბულში სისხლი დაიღვრებოდა“, - განაცხადა ღანიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
ცნობილი გახდა აშრაფ ღანის ადგილსამყოფელი: ვრცელდება საგარეო უწყების განცხადება
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები პირობას დებდნენ, რომ ქაბულში არ შევიდოდნენ, მაგრამ პრეზიდენტის სასახლე წინასწარ ალყაში მოაქციეს. მან უარყო ინფორმაცია იმაზე, რომ ქაბულიდან წასვლისას ფული წაიღო, და ქვეყანაში მალევე დაბრუნების პირობა დადო.
ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის ფონზე თალიბებმა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქი აიღეს. ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა.
„თალიბანის“ პოლიტოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა გამოაცხადა, რომ ომი დასრულდა. უახლოეს მომავალში გაირკვევა მმართველობის ახალი ფორმა. გარდამავალ მთავრობაზე ბოევიკები თანახმა არ არიან.
გამოცხადდა საყოველთაო ამნისტია, თუმცა ბევრი ავღანელი მაინც ცდილობს ახალ რეჟიმს გაექცეს. ქაბულის აეროპორტში თალიბების მოსვლის პირველ დღეებში ქაოსი სუფევდა, ხალხი იჭრებოდა უცხოურ თვითმფრინავებში, რომლებითაც ქვეყნიდან დიპლომატიური სამსახურების თანამშრომლები გაჰყავდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა აფრენილი თვითმფრინავის ბორტიდან ჩამოვარდნის შედეგად.