„რეაქცია შოკისმომგვრელია“: ზახაროვამ ავღანეთის კრიზისზე მსოფლიოს რეაქცია შეაფასა

შოკისმომგვრელი საქციელის მაგალითად ზახაროვამ ესტონეთის პრემიერის განცხადება დაასახელა, რომ ტალინი ათი ავღანელი დევნილის შესაფარებლადაა მზად.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ შოკისმომგვრელი უწოდა არა მარტო ჰუმანიტარულ კატასტროფას ავღანეთში, არამედ ამაზე დემოკრატიული სამყაროს რეაქციასაც, იუწყება РИА Новости.
„რას აკეთებს დასავლური სამყარო — ნატოსა და ევროკავშირის სწორედ ის ქვეყნები, რომლებიც იქ 20 წლის განმავლობაში ამყარებდნენ წესრიგს... თვითმფრინავებს გზავნიან?.. განა ისინი იმით არიან დაკავებული, რომ ბანაკებს შლიდნენ დევნილებისთვის, სახსრებს უყოფდნენ შესაბამის არასამთავრობოებს, რომლებიც [ლტოლვილებს] ეხმარებოდნენ?.. არა, ყველაფერი ბევრად უფრო საინტერესოა — ისინი ავრცელებენ განცხადებებს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, რომლებითაც მოუწოდებენ, არ დაიკეტოს სასაზღვრო გადასასვლელები, ღია დარჩეს გზები და აეროპორტები“, — აღნიშნა დიპლომატმა.
შოკისმომგვრელი საქციელის მაგალითად ზახაროვამ ესტონეთის პრემიერის განცხადება დაასახელა, რომ ტალინი ათი ავღანელი დევნილის შესაფარებლადაა მზად.
Reuters-ის გამოკითხვა: ბაიდენის მხარდაჭერის რეიტინგი სამ დღეში დაეცა
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა, გააანალიზა რა ვითარება ავღანეთში და კატასტროფულად აღიარა ის... მომხდარ კოლაფსზე პასუხისმგებლობა ავღანეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დააკისრა <...> ნატო და აშშ ავღანეთში ოცი წლის განმავლობაში ზუსტად ამ პოლიტიკური ძალების მომზადებით იყვნენ დაკავებული და პასუხს აგებდნენ ამ სეგმენტზე. და ახლა ისინი პასუხისმგებლობას ავღანეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებენ. <...> რა ჰქვია ამას? <...> ფასეულობებიც ამას ჰქვია“, — დაასკვნა ზახაროვამ.
ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. 17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. რეგიონში მიგრაციული კრიზისი დაიწყო.