ზუგდიდში გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით მასწავლებლების ვაქცინაცია ჩატარდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ზუგდიდში მასწავლებლებმა და სკოლების თანამშრომლებმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებსა და ცნობილ ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ვაქცინაცია ჩაიტარეს. ინფორმაციას UNICEF Georgia ავრცელებს.
შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარდა.
შეხვედრას ესწრებოდა ცნობილი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომლის თქმით, შეხვედრაზე მოსული პედაგოგების 100% აიცრა.
ბიძინა კულუმბეგოვის გარდა, საინფორმაციო შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და ეპიდემიოლოგები: სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.
რამდენიმე დღის წინ მსგავსი შეხვედრა გაიმართა ახალციხეში, შეხვედრის შემდეგ დამსწრე პედაგოგების უმრავლესობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
არსებული ინფორმაციით, შემდეგი შეხვედრა მესტიაში გაიმართება.
„იუნისეფი“ ადვოკატირებას უწევს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სხვადასხვა ჯგუფებში - მასწავლებლებში, ექიმებში, რელიგიურ ლიდერებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებში. გაიმართა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები, რომელთაც მოჰყვა სამიზნე ჯგუფების ვაქცინაცია.
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ეხმარება მთავრობას რუტინული იმუნიზაციის პროგრამების გატარებაში, ამას გარდა, მისი თხოვნით, COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით ხელი შეუწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოწოდებას.
განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ვაქცინირებულ პედაგოგთა პროცენტული რაოდენობა იზრდება.
საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით. ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 67,3 ათასი პედაგოგია.