ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ პაციენტების დიდი ნაწილი უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით, თუმცა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საველე ჰოსპიტლით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ისარგებლონ.
ბოლო წლებში საქართველოში ექიმების სამხედრო-საველე პირობებში მომზადება არ გამართულა, თუმცა მედიკოსების დიდ ნაწილს განათლება მაშინ აქვს მიღებული, როდესაც სამხედრო მომზადება სავალდებულო იყო, ამიტომ მათ გარკვეული გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით.
ტიკარაძის სიტყვებით, არის მოლოდინი, რომ ტრანსპორტის შეზღუდვა კარგ შედეგებს მოიტანს და ორი კვირის შემდეგ ეპიდსიტუაცია 80%-ით გაუმჯობესდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში იმოქმედებს აცრის პუნქტები, სადაც ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი.
საქართველო ახლა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის.
14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ფესტივალები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები. დაიკეტა საბავშვო გასართობი ცენტრები. კვების ობიექტები, 00:00 საათის ნაცვლად 23:00 საათამდე იმუშავებენ.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 2.676 შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დაფიქსირებულია 484 ათას შემთხვევაზე მეტი, 425 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 6.436 ადამიანი გარდაიცვალა.