თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. თავდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტლების მოსაწყობად ასეულობით საწოლი გადასცა. ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.
ამასთანავე თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად დამატებით ათასამდე საწოლი დაამზადოს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს.
გარდა ამისა, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილია მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი საჭიროების მიხედვით ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ისარგებლონ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით.
ცნობილია, რომ დიღმის ოლიმპიური სოფლის ფრენბურთის დარბაზში საველე ჰოსპიტლის მოწყობა მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში ის საშუალო სიმძიმის 500 პაციენტს მოემსახურება. ჰოსპიტალი უკვე აღჭურვილია ჟანგბადის ბალონებით, ადგილზე შესაძლებელი იქნება ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. უკვე შერჩეულია ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურებიან. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საველე ჰოსპიტალი ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჰოსპიტალური სერვისი დატვირთვას ვერ გაუძლებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთო. პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოყო გარკვეული რესურსები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის მხარდასაჭერად.
საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მაქსიმალური რესურსი კლინიკებში 8 ათას საწოლს შეადგენს.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასამდე პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 41 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 484.254-ს მიაღწია.