თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოში დღეს ნინოწმინდიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან ზედიზედ ორი – 5,1 და 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
პირველად მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კმ სიღრმეში მდებარეობდა, ხოლო მეორე მიწისძვრა 05:51 საათზე მოხდა და ეპიცენტრი 2 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
ეს ბოლო რამდენიმე საათში უკვე მეოთხე მიწისძვრა იყო. მანამდე, 15 აგვისტოს, 23:42 საათზე დაფიქსირდა 3,7 მაგნიტუდის, ხოლო 16 აგვისტოს 03:19 საათზე – 4,1 მაგნიტუდის მიწისძვრა.
ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის, დაახლოებით 3–4 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან – თითქმის ყოველდღე.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სოფელ სამებასთან ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.