ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა

ივლისში საქართველოში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – გადმორიცხული თანხის მოცულობამ 40,11 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ფულადი გადარიცხვების 19,25%-ია.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2021 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 10,4%-ით გაიზარდა და 208,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ივლისში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა კვლავ რუსეთიდან შემოვიდა. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 40,11 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,25%-ია. 2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 0,71%-ით ნაკლები თანხა გადმოირიცხა.
საქართველოში სატვირთო გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან იტალიას რამდენჯერმე დაუთმო პირველობა.
2021 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 19,7 მლნ აშშ დოლარით (10,4%) მეტი იყო 2020 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხული ვალუტის მოცულობას, 2021 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26,7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19,9%-ით მეტია.