თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის პრაქტიკულად ყველა ტელეარხი ამ დროისათვის მხოლოდ ყურანის კითხვას, ან „თალიბანის“ მოქმედებების შესახებ ინფორმაციას გადმოსცემს, იუწყება სააგენტო РИА Новости საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.
ყველა სხვა ტელეპროგრამა გაუქმებულია. მხოლოდ ერთ არხზე გრძელდება დოკუმენტური და ისტორიული ფილმების ჩვენება.
აღინიშნება, რომ მანამდე დღის ამ მონაკვეთებში ავღანური ტელეარხებზე სხვადასხვა გასართობი პროგრამები გადიოდა.
მანამდე თალიბები, რომლებიც გუშინ შევიდნენ დედაქალაქ ქაბულში, ავღანეთის ყველაზე დიდი ტელეარხის Tolo News-ის შტაბ-ბინაში მივიდნენ, სადაც დაცვა განაიარაღეს და თავად აიღეს ტელერედაქციის დაცვის პასუხისმგებლობა.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის და მისი მოკავშირეების ჯარებმა ავღანეთი დატოვეს, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია და საბოლოოდ კვირას, 15 აგვისტოს უომრად შევიდა დედაქალაქ ქაბულში. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვა ქვეყანა, რათა სისხლისღვრა არ დაეშვა. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.