კარანტინის წესების დარღვევა: ახალქალაქში სარიტუალო დარბაზი დალუქეს

საქართველოში ათ კაცზე მეტი პირის მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებები აკრძალულია. მათ შორის ეს ეხება ქორწილებს, ქელეხებსა და იუბილეებს.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ახალქალაქში სარიტუალო დარბაზი დალუქა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის იყო დაჯარიმებული. ამის მიუხედავად, სარიტუალო დარბაზის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტი დაილუქა.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შრომის ინსპექცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია დაკეტოს სარიტუალო დარბაზი ან რესტორანი, ასევე აუკრძალოს მათ აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად განკუთვნილი აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება.
საქართველოში აიკრძალა ისეთი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ათ კაცზე მეტი მონაწილეობს. იგივე შეზღუდვა ეხება ქორწილებს, ქელეხებს და იუბილეებს.
შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით აჯარიმებს, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი ილუქება.