თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე. იუწყება „პირველი არხი“.
თამაზ კვაჭანტირაძემ 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი. 1978-1990 წლებში ჟურნალის – „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავარი“) რედაქტორი; 1975-1990 წლებში ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, 2002-2004 წლებში „მოგზაურობა სასიტყვეთში“; 1993-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. 2000-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან – „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები“.
თამაზ კვაჭანტირაძე ავტორია წიგნებისა – „მსგავსებითი შედარება ქართულში“ (1977), „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ (2002), „მოგზაურობა სასიტყვეთში“ (2002).
იყო ღირსების ორდენის, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელი.
თამაზ კვაჭანტირაძეს წლების განმავლობაში საქართველოს „პირველ არხზე“ ქართულ ენასა და ლიტერატურაზე საავტორო გადაცემა მიჰყავდა.