თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. წყალტუბოში იძულებით გადაადგილებულ 420 ოჯახს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში უახლოეს მომავალში გადაეცემა, ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა, სადაც 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე გადაეცათ.
შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კობა გაბუნიამ და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.
„წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ჯამში, 3000-მდე დევნილი ოჯახი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე, 20 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, მათ შორის 15 წყალტუბოში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
სამინისტროს ცნობით, წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი სანატორიუმების ყველა შენობა დაიხურება და წლების განმავლობაში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების მწვავე პრობლემა სრულად გადაიჭრება. აქედან რვა კორპუსი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ააშენა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.