თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო რეკლამებიდან შემოსავლებმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა და 23 მილიონი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
სარეკლამო შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს.
მეორე კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 21,3 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი, 19,3 მლნ ლარი პირდაპირი რეკლამა და სპონსორობა იყო.
ყველაზე მეტი, 6.9 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, რომლის შემოსავალიც წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1,5 მლნ ლარით გაიზარდა.
1,9 მლნ ლარით გაიზარდა „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი, რომელიც მეორე კვარტლის მონაცემებით, 3,2 მლნ ლარს შეადგენს. სატელევიზიო რეკლამებიდან შემოსავლების ზრდით მესამე ადგილზეა „რუსთავი 2” – მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 2,5 მლნ ლარი შეადგინა (ზრდა 19%).
ტელეკომპანია „ფორმულამ“ 1,8 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 1,4 მლნ ლარით მეტია. თითქმის ორჯერ გაიზარდა „ტელეკომპანია პირველის“ სარეკლამო შემოსავალი და 1,7 მლნ ლარი შეადგინა.
მეორე კვარტალში სატელევიზიო რეკლამიდან შემოსავალი მიიღო Post Tv–მაც – 1,2 მლნ ლარი. 900 ათასი ლარით გაიზარდა „პირველი არხისა“ და „სილქნეტის“ შემოსავლები.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები 2021 წლის მეორე კვარტალში 90%-ით გაიზარდა და 1.7 მლნ ლარი შეადგინა. რადიოს შემოსავლების 85,8% პირდაპირ რეკლამას უკავია.