სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული ხუთი პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში 13 აგვისტოს, 17:00-დან 19:00 საათამდე და 14 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის  შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული ხუთი იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა. 
ხუთი პირიდან ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო პირია. სამხედრო პირებიდან ერთს ხვალ, 14 აგვისტოს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ. 
სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
„ამ ეტაპზე მოხერხდა კიდევ ხუთი ნეშტის მოძიება და იდენტიფიცირება. დღეს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში შევხვდით მათ ოჯახებს, ახლობლებს და გადავეცით სრული ინფორმაცია იდენტიფიკაციის პროცესთან დაკავშირებით. ხუთი პირიდან სამი სამოქალაქო პირია და ორი სამხედრო, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც იბრძოდა საქართველოს ერთიანობისთვის“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, 1992-1993 აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომელმაც დაღუპულთა მოძიების პროცესი დაიწყო. ამ მექანიზმის მონაწილეები არიან ოფიციალური თბილისისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
მექანიზმის ამუშავებიდან, ანუ 2010 წლიდან სულ აღმოჩენილია 583 ადამიანის ნეშტი. აქედან ჯერ მხოლოდ 206 ადამიანის ამოცნობა მოხერხდა, დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი გრძელდება.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.