თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს მნიშვნელოვანი დაზიანება არ აქვს და მის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა ზაზა ყიფიანმა.
თბილისში, საბურთალოს რაიონში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შედეგად ფერდის ნაწილი გუშინ, საღამოს ჩამოიშალა. მომხდარმა საფრთხე შეუქმნა ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ში მდებარე ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია გუშინვე განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ექსპერტის განმარტებით, ჩამოშლილი ფერდი დაუყოვნებლივ გამაგრებას საჭიროებს.
„ვიზუალურად რაც ვნახეთ, კორპუსს მნიშვნელოვანი დაზიანება არ აქვს. რაც შეეხება ფუძეს, მთის მხარეს, იგი საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრებას. გამაგრებული უნდა იყოს როგორც თავად კორპუსი, ასევე ჩამოშლილი ფერდი“, – აღნიშნა ზაზა ყიფიანმა.
დღეს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ის მიმდებარე ფერდის ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად და არათანმიმდევრულად მართვამ გამოიწვია. როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება, მშენებელი კომპანია კი 30 ათასი ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც საჭიროების შემთხვევაში მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებაა.
არსებული ინფორმაციით, ლორთქიფანიძის 10 ნომერში მდებარე კორპუსში, რომლის გვერდითაც კლდის მასა ჩამოიშალა, დაახლოებით 90 ოჯახი ცხოვრობს.