საქართველომ თურქეთს ათეულობით ტონა დაინფიცირებული კარტოფილი დაუბრუნა

საბაჟოზე ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა საკვებ პროდუქტში ჯანმრთელობისთვის საშიში, მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველო–თურქეთის საზღვარზე ათასობით კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ამოიღო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უხარისხო საქონელი „სარფის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს. ქვეყანაში უნდა შემოსულიყო თურქეთის ორი სატვირთო ავტომობილი, რომლებიც დატვირთული იყო 52.000 კილოგრამი კარტოფილით.
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას... იმპორტირებული კარტოფილის შიგთავსიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს.