თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. სპეციალისტებთან ერთად ჩატარებული პირველადი მოკვლევის თანახმად, ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ის მიმდებარე ფერდის ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად და არათანმიმდევრულად მართვამ გამოიწვია, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისში, საბურთალოს რაიონში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდის ნაწილი გუშინ, საღამოს ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბენდელიანმა აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება, მშენებელი კომპანია კი 30.000 ლარით დაჯარიმდა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი შემდგომი მოკვლევის მიზნით სამართალდამცველ უწყებებში გადაიგზავნება. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც საჭიროების შემთხვევაში მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებაა.
მერის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ კორპუსიდან ევაკუირებული მოსახლეობის ყოველდღიურ ხარჯებს მუნიციპალიტეტი იქამდე აანაზღაურებს, სანამ ამის საჭიროება იქნება.
„თავიანთ საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობის დაბრუნება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც სრულად ვიქნებით დარწმუნებული, რომ ამ სახლში მათი ცხოვრება უსაფრთხოა. კომპანიის პასუხისმგებლობაა, და ეს უშუალოდ ჩვენი ჩართულობითაც მოხდება, რომ იქ გამოწვეული ზიანი, რაც მოსახლეობას მიადგა, იყოს გამოსწორებული“, – განაცხადა ბენდელიანმა.
მისივე თქმით, ნებისმიერ მსგავს არასწორად ჩატარებულ სამუშაოზე მუნიციპალიტეტი მკაცრ რეაგირებას მოახდენს.
არსებული ინფორმაციით, ლორთქიფანიძის 10 ნომერში მდებარე კორპუსში, რომლის გვერდითაც კლდის მასა ჩამოიშალა, დაახლოებით 90 ოჯახი ცხოვრობს. კორპუსის მცხოვრებლები პრობლემის მოგვარებამდე საცხოვრებლად სასტუმროებში გადავლენ, რასაც თბილისის მერია სრულად უზრუნველყოფს.