სალომე ზურაბიშვილმა სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა გმირი, რომელმაც მტკვარში გოგონა გადაარჩინა

შოთა ქარსელაძე, რომელმაც გოგონა გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა, დაჯილდოვდა მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის".
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 36 წლის თბილისელი შოთა ქარსელაძე განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის დააჯილდოვა მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის" (სიკვდილის შემდეგ).
შოთა ქარსელაძე 2021 წლის 3 ივლისს ორთაჭალაში 14 წლის გოგონას გადასარჩენად დაუფიქრებლად გადახტა მდინარე მტკვარში. მან გოგონას გადარჩენა შეძლო, თავად კი დაიხრჩო. მაშველები მის ცხედარს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა 14 წლის გოგონა დახრჩობისგან გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო შოთა ქარსელაძის დედას მარინე გარსევანიშვილს გადასცა.
დაჯილდოების მოკრძალებული ცერემონია ორბელიანის სასახლეში შოთა ქარსელაძის დისა და მეგობრის მონაწილეობით ჩატარდა.
რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობაზე და კორონავირუსის გამო ყველა შეხვედრა გააუქმა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა.