საბურთალოზე კორპუსის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის ფერდი ჩამოიშალა - ვიდეო

მშენებლობის გვერდზე მდებარე ათსართულიანი კორპუსის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება. სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, მათ ასევე უნდა დაადგინონ, დაზიანდა თუ არა ათსართულიანი კორპუსი მშენებლობის შედეგად.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს ფერდის ნაწილი ჩამოიშალა - იქვე მდებარე ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას სასტუმროებში გადაიყვანენ, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღნიშნული კორპუსის მოსახლეობა ამ წუთებში ქუჩაში არის გამოსული. ადგილობრივების თქმით, კლდის ფერდი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შედეგად დაზიანდა. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, ისინი თვეზე მეტია, თბილისის მერიას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ, თუმცა მათივე თქმით, უწყების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს როგორ არის ჩამოშლილი მიწა კორპუსთან ახლოს.
ლორთქიფანიძის ქუჩაზე იმყოფებიან თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. ვითარების შესწავლის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც.
ბენდელიანის თქმით, მოხდება კორპუსის მობინადრეთა ევაკუაცია და მათ სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილებენ. ასევე დაიწყება ჩამოშლილი კლდის ფერდის გამაგრებითი სამუშაოები და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრდება საცხოვრებელი კორპუსი.
თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ პირველადი მონაცემებით, ლორთქიფანიძის 10 ნომერში მდებარე კორპუსში, რომლის გვერდითაც კლდის მასა ჩამოიშალა, დაახლოებით 90 ოჯახი ცხოვრობს.
მერიაში აცხადებენ, რომ დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, მათ ასევე უნდა დაადგინონ, დაზიანდა თუ არა ათსართულიანი კორპუსი მშენებლობის შედეგად. რის შემდეგაც საექსპერტო დასკვნა მომზადდება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.