ქუთაისში კორონავირუსის გართულების გამო ორსულს ნაყოფი დაეღუპა

შვიდი თვის ორსული ქუთაისის კლინიკა „ბომონდში" ორი დღის წინ შეიყვანეს. მას საკეისრო კვეთა ამ დრომდე ვერ უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქუთაისში 31 წლის ორსულ ქალს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შვიდი თვის ორსული ბათუმიდან ქუთაისის კლინიკა „ბომონდში" ორი დღის წინ შეიყვანეს. როგორც ქალის მეუღლე აცხადებს, ბათუმის სამშობიარო საავადმყოფოში ადგილის არარსებობის გამო აუცილებელი გახდა ორსულის ქუთაისში გადაყვანა, რა დროსაც მდგომარეობა დამძიმდა, რამაც ნაყოფის დაღუპვა გამოიწვია.
ექიმების განმარტებით, ამჟამად პაციენტს ანალიზების მიხედვით D-დიმერი აქვს მკვეთრად მომატებული, რის გამოც ექიმები საკეისრო კვეთის ჩატარებაზე და ან თბილისში პაციენტის ტრანსპორტირებაზე უარს აცხადებენ.
„მომატებული D-დიმერიდან გამომდინარე, აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით არსებობს რისკი, რომ თბილისში ტრანსპორტირებისას გზაში თრომბოემბოლია განვითარდეს და ქალი დაიღუპოს. ოჯახის წევრების მოთხოვნა თავიდან მისი თბილისში გადაყვანა იყო, თუმცა რისკების შეფასების შემდეგ მათ გადაიფიქრეს“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა მინდია ებრალიძემ.
ებრალიძის განმარტებით, კლინიკაში შეიკრიბა კონსილიუმი და, სავარაუდოდ, ნაყოფის დაბადება ბუნებრივი მშობიარობის გზით მოხდება.