თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. მუსლიმების ჯგუფი პაკისტანის ქალაქ ბჰონგის ინდუისტურ ტაძარს დაესხა თავს მას შემდეგ, რაც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა რვა წლის ინდუსი ბიჭუნა, რომელიც მანამდე რელიგიური მკრეხელობის გამო იყო დაკავებული, იუწყება გამოცემა Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ივლისში დააპატიმრეს და ბრალად მუსლიმური რელიგიური სკოლის – მედრესეს ბიბლიოთეკის (სადაც წმინდა წიგნები ინახება) ხალიჩაზე განზრახ მოშარდვა წაუყენეს. დაკავებული იყვნენ ბავშვის ოჯახის წევრებიც.
ახლა მუსლიმები „მკრეხელი“ ბიჭუნას სიკვდილით დასჯას მოითხოვენ, ვინაიდან პაკისტანის კანონები სახელმწიფო რელიგიის შეურაცხყოფაში ბრალდებულის სწორედ ამ სახით დასჯას ითვალისწინებს.
ამ დროისათვის ბავშვიცა და მისი ოჯახიც სახელმწიფოს დაცვის ქვეშ არიან, ვინაიდან პროვინციაში არეულობები გრძელდება.
„ბიჭს აქამდე არ ესმის, რაში იყო მისი დანაშაული და რატომ ჰყავდათ ციხეში ერთი კვირის განმავლობაში“, — ამბობს ბავშვის ოჯახის წევრი, რომელთა ადგილსამყოფელი არ საჯაროვდება.
პაკისტანის ხელისუფლებამ უკვე გადაისროლა რაიონში წესრიგის დასამყარებლად გასამხედროებული ფორმირებები. პოლიციის ცნობით, ამ დროისათვის დაკავებულია ტაძარზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 50 პირი, იძებნება კიდევ 100.
როგორც გამოცემა წერს, პაკისტანის კანონები მკრეხელობის შესახებ უკვე დიდი ხანია უფლებადამცველების კრიტიკის საგანია, თუმცა აღინიშნება ისიც, რომ სასამართლოების მიერ მკრეხელობის გამო გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აქამდე არასდროს მოუყვანიათ სისრულეში.