თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. კომპანია Moderna-ს ვაქცინა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ უფრო ეფექტური გამოდგა, ვიდრე Pfizer-ის ვაქცინა, იუწყება სააგენტო РИА Новости სამეცნიერო პორტალ MedRxiv-ზე გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით.
ამერიკელმა მეცნიერებმა 180 ათასი ადამიანი გამოიკვლიეს, რომლებიც Moderna-ს ან Pfizer-ის ვაქცინებით იყვნენ აცრილები, რათა გაერკვიათ, როგორია პრეპარატების ეფექტურობის დინამიკა დროთა განმავლობაში, მათ შორის, ახალი შტამის პირობებში. ამიტომ კვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში, იანვრიდან ივლისამდე მიმდინარეობდა.
გაირკვა, რომ ორივე ვაქცინა მაღალეფექტური იყო SARS-CoV-2-ის ინფექციის მიმართ მთელი კვლევის პერიოდში: Moderna-ს ეფექტი 86%-ს აღწევდა, ხოლო Pfizer-ისა — 76%-ს.
თუმცა ივლისიდან, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, ორივე ვაქცინის ეფექტურობამ იკლო.
„მინესოტაში დაავადების შემთხვევების მატების კონტექსტში ივლისის განმავლობაში mRNA-1273-ს (Moderna) ეფექტურობა ინფექციის მიმართ უფრო დაბალი იყო, ვიდრე წინა თვებში (76%), ხოლო BNT162b2-მა (Pfizer) კიდევ უფრო გამოკვეთილი შემცირება გამოავლინა (42%)“, — ნათქვამია სპეციალისტთა დასკვნაში.
გარდა ამისა, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში ინფექციის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ადამიანთა იმ ჯგუფში, რომლებიც Moderna-ს პრეპარატით იყვნენ ვაქცინირებული. მეორე მხრივ, ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა ორივე ვაქცინის შემთხვევაში დაახლოებით თანაბარი იყო.
ამერიკის სხვა შტატებში ვაქცინირებულთა დაავადების შემთხვევების ანალიზისას მეცნიერებმა შენიშნეს, რომ Moderna-თი აცრილები უფრო ნაკლებად ავადდებოდნენ კვლევის პერიოდში, ვიდრე Pfizer-ით აცრილები.
მანამდე რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ აღნიშნა, რომ რუსული ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 83%-ს შეადგენს.