ოლიმპიურ ჩემპიონს ოქროს მედალს შეუცვლიან: ქალაქის მერმა ჯილდო „ჩაკბიჩა“

ქალაქის მერი თავად გადაიხდის თანხას ახალი ოქროს მედლის დასამზადებლად, რის თაობაზეც უკვე შეუთანხმდა ოლიმპიურ კომიტეტს.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. იაპონიის სოფტბოლის ქალთა ნაკრების ერთ-ერთ წევრს ახალ ოლიმპიურ ოქროს მედალს გადასცემენ, ვინაიდან მისი კუთვნილი მედალი ქალაქ ნაგოიას მერმა „ჩაკბიჩა“, იუწყება სააგენტო Kyodo.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი გასულ კვირაში მოხდა ტოკიოდან დაბრუნებული 20 წლის სპორტსმენის მიუ გოტოსადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებისას.
​სცენაზე სპორტსმენის გვერდით მდგარმა ქალაქის თავმა ტაკაში კავამურამ ნიღაბი მოიხსნა, ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოიცვა, შემდეგ კი კბილით მოსინჯა ჯილდო. როგორც სააგენტო წერს, მერმა ეს ფოტოს გადასაღებად გააკეთა.
გარდა ამისა, აღინიშნება, რომ კავამურამ თავს უფლება მისცა, სპორტსმენი გოგოს მისამართით შეუფერებელი შენიშვნები გამოეთქვა. კერძოდ, მან მიუ გოტოს ჰკითხა, აკრძალული ხომ არ აქვს რომანტიკული ურთიერთობები.
ამის შემდეგ ნაგოიას მერიაში 7 ათასზე მეტი საჩივარი შევიდა ქალაქის თავის საქციელის გამო, რომელსაც, გარდა პანდემიური წესების დარღვევისა, სექსუალურ ძალადობაშიც ადანაშაულებდნენ.
კავამურამ უკვე მოიხადა ბოდიში მომხდარის გამო და იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელსაც ესაუბრა, რა დროსაც განაცხადა, რომ მზადაა თავად გადაიხადოს თანხა ახალი ოქროს მედლის დასამზადებლად.
სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, იაპონიის ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა უკვე შეათანხმეს მედლის შეცვლის საკითხი, რასაც მიუ გოტოც დაეთანხმა.
როგორც მოსალოდნელია, გოტო ახალ მედალს უახლოეს ხანებში მიიღებს.