საქართველოს პარალიმპიური დელეგაცია იაპონიაში გაემგზავრა

საქართველოს პარალიმპიური ნაკრები ოლიმპიადაზე სპორტის ექვს სახეობაში 14 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარალიმპიელთა დელეგაცია იაპონიაში გაემგზავრა, სადაც 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის პერიოდში პარალიმპიური თამაშები გაიმართება. 
საქართველოს მედლები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 14 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ქართველი პარასპორტსმენები იასპარეზებენ შემდეგ სახეობებში: ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა, პარამძლეოსნობა.
ოლიმპიადის დაწყებამდე ქართველი პარასპორტსმენები ტოკუშიმას პრეფექტურაში მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან.
საქართველოს დელეგაციიდან პარალიმპიური თამაშების მედროშე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება.
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც 8 აგვისტოს დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა – ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ეს ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელია. ლონდონისა (2012) და რიო-დე-ჟანეიროს (2016) ოლიმპიადებზე ჩვენმა ნაკრებმა შვიდ-შვიდი მედალი მოიპოვა.