Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
ევსტათი მცხეთელი
ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე ერქვა მას ნათლობამდე) კათოლიკოს სამოელის ხელით მიიღო ნათლობა და ქრისტიანული სახელი - ევსტათი ეწოდა. მალე მან ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქრისტესთან დამოყვრებულ ერს.
ცეცხლთაყვანისმცემლებმა მცხეთის ციხისთავთან, უსტამთან დაასმინეს ევსტათი. მან თავისთან დაიბარა წმიდანი. უსტამს არ ჰქონდა დასჯის უფლება, ამიტომ ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან გაგზავნა აღმსარებელი. შემასმენელნი კვლავ ეახლნენ მცხეთის ციხისთავს და აუწყეს, რომ კიდევ შვიდი სპარსელი შედგომოდა ქრისტეს სჯულს. რვავე ქრისტიანს ბორკილები დაადეს და თბილისში გაგზავნეს.
მარზპანმა ბრძანა, სასტიკად დაესაჯათ ისინი: გაეპარსათ თმა და წვერი, გაეხვრიტათ ცხვირები, დაედოთ ბორკილები და საპყრობილეში ჩაეყარათ, ხოლო თუკი რომელიმე უარყოფდა ქრისტეს - შეეწყალებინათ.
ექვსი თვის შემდეგ მარზპანი სპარსეთის მეფემ თავისთან იხმო. ამით ისარგებლეს ქართლის კათალიკოსმა სამოელმა, მცხეთის მამასახლისმა გრიგოლმა, პიტიახშმა არშუშამ და სპარსეთს მიმავალ არვანდ გუშნასპს სთხოვეს, გაეთავისუფლებინა დილეგში ჩაგდებული სპარსი ქრისტიანები. არვანდ გუშნასპმა თხოვნა შეუსრულა ქართველ დიდებულებს, თუმცა დაამატა - ისინი მოსაკლავად მყავდა გამზადებულიო.
სამი წლის შემდეგ ქართლს მარზპანად ვეჟან ბუზმირი მოევლინა. მოგვებმა კვლავ დაასმინეს ევსტათი.
წმიდა ევსტათი თბილისში ჩაიყვანეს და ვეჟან ბეზმირს მიჰგვარეს. წმიდა ევსტათიმ მას განუცხადა, რომ ქრისტეს არ უარყოფდა. გაბრაზებულმა მარზპანმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში წაეყვანათ, ღამით კი თავი მოეკვეთათ და ქალაქგარეთ დაეგდოთ ფრინველთა საჯიჯგნად. მარზპანის მსახურებმა თავი წარკვეთეს წმიდა ევსტათის, გვამი კი ღამით გაიტანეს და ქალაქგარეთ დააგდეს. ქრისტიანებმა ევსტათის ცხედარი, მალულად წაასვენეს მცხეთას. მოწამის ნეშტს წმიდა სამოელ კათოლიკოსი შემოეგება და პატივით დაკრძალა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ.
წმიდა მოწამე კალინიკე
წმიდა მოწამე კალინიკე (III-IVსს) დაიბადა კილიკიაში. კეთილმსახურმა მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებით აღზარდეს. წმიდანი ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხედავდა კერპთმსახურთა უგუნურებას და გადაწყიტა, მოციქულებრივი ღვაწლი ეტვირთა. იგი დაუზარლად დადიოდა სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და დაუცხრომლად ქადაგებდა სახარების სწავლებას. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ ანკვირიაში ნეტარი კალინიკე სამსჯავროზე წარადგინეს, ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის, საკერდონის წინაშე. წამებისა და სიკვდილის მუქარით უღმრთო ხელისუფალი აიძულებდა უფლის რჩეულს, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. განრისხებული მმართველის ბრძანებით წმიდა კალინიკე კოცონზე დაწვეს.
წმიდა მოწამე სერაფიმა ქალწული
წმიდა მოწამე სერაფიმა ქალწული ანტიოქიაში დაიბადა, მაგრამ რომში ცხოვრობდა დიდებულ ქალბატონ საბინასთან, რომელიც თავად მოაქცია ქრისტიანობაზე. როცა იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მმართველმა ბერილმა, სხვებთან ერთად, წმიდა სერაფიმასაც მოუხმო სამსჯავროზე. მოწამეობრივი გვირგვინის მაძიებელი ქალწული უშიშრად გამოცხადდა მტარვალებთან. მას ერთგული საბინაც გაჰყვა თან. იხილა რა დიდგვაროვანი ქალბატონი, ბერილმა ჯერ გაათავისუფლა სერაფიმა, მაგრამ შემდეგ კვლავ გამოიძახა და დაჟინებით მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ნეტარმა ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. გამხეცებულ ბერილს უფლის სასჯელი არ ასცდა: იმ არგანს მომწყდარი ხიწვი, რომლითაც სერაფიმას სცემდნენ, თვალში ჩაუვარდა და სამი დღის შემდეგ დაბრმავდა. წმიდა აღმსარებლის სულიერი ახოვნებით ძლეულმა მსაჯულმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. საბინამ კრძალვით მიაბარა მიწას ძვირფასი ცხედარი. (II ს);
წმიდა მოწამე თეოდოტია და სამნი ყრმანი მისნი
წმიდა მოწამე თეოდოტია, მდიდარი ქვრივი ქალი ქალაქ ნიკეიდან, სამ მცირეწლოვან ყრმასთან ერთად მაკედონიაში ცხოვრობდა, საკუთარ მამულში. თავის სიმდიდრეს იგი უხვად ხარჯავდა გლახაკთა დასახმარებლად და უპატრონო მიცვალებულთა დასასაფლავებლად. წმიდანს სულიერი მეგობრობა აკავშირებდა წმიდა ანასტასიასთან. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ორივე წმიდა დედა დაატუსაღეს. სამსჯავროზე დიდებული კარისკაცი ლევკადიუსი მოიხიბლა თეოდოტიას მშვენიერებით. გადაწყვიტა, შინ წაეყვანა და ცოლად შეერთო. ლევკადიუსის სახლში თეოდოტია შვილებთან ერთად სიწმიდით ატარებდა დღეებს; წარმართმა კარისკაცმა ვერც შეგონებებით, ვერც ლიქნით, ვერც მუქარით ვერ მოდრიკა მისი ნება. ბოლოს, წმიდანის სიმტკიცით გამხეცებულმა, შვილებთან ერთად ბითვინიაში გაგზავნა იგი, ოლქის მმართველ ნიკიტიუსთან. როცა მსაჯული წამების მუქარით შეეცადა ნეტარი დედის დაშინებას, მისმა უფროსმა შვილმა, ევოდმა განაცხადა: „ქრისტიანებს არ ეშინიათ სატანჯველების, ისინი მხოლოდ ღვთის მადლის დაკარგვას უფრთხიან!“ ბავშვი მშობლის თვალწინ სასტიკად გვემეს. იგი სისხლისგან დაიცალა და მოწამის გვირგვინით შეერთო ნეტარ მარადისობას. ამის შემდეგ ნეტარი დედა გარყვნილებს გადასცეს შესაგინებლად, მაგრამ ზეციურმა ძალამ დაიცვა იგი. ყველას თვალწინ სასწაული აღესრულა: უფლის ანგელოზი წინ აღუდგა უსჯულოებს, რომლებიც გაკადნიერდნენ, მიახლოებოდნენ ქრისტეს ტარიგს. მსაჯულმა მომხდარი წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და მას შვილებთან ერთად ცეცხლში დაწვა მიუსაჯა. (304).
წმიდა ღირსმოწამე მიქაელი
წმიდა ღირსმოწამე მიქაელი (IX) იყო ერთგული მოწაფე წმიდა თეოდორე ედესელისა . მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მიქაელმა ქონება ღარიბებს დაურიგა და იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილთა თაყვანისაცემად. ამ დროს იერუსალიმი მუსულმანებს ჰქონდათ დაპყრობილი. წმიდა მიქაელი პალესტინაში დარჩა და საბაწმიდის ლავრაში დასახლდა. ერთხელ წმიდა მამა მონასტრიდან იერუსალიმში გაგზავნეს ბერების ნახელავების გასაყიდად. მუსულმანი დედოფლის სეიდას საჭურისს ძალზე მოეწონა ძმათა ხელობა და წმიდა მიქაელი მონასტრის ნაკეთობებთან ერთად დედოფალს წარუდგინა. დედოფალს გულში ჩაუვარდა ახალგაზრდა ბერი და ცოდვით დაცემა შესთავაზა მას. უარის მიღებისას სეიდამ სასტიკად აცემინა იგი, შემდეგ კი მეფეს წარუდგინა, როგორც მაჰმადიანობის მტერი. ბერის დაკითხვის შემდეგ მეფე შეეცადა მაჰმადიანური სარწმუნოების მიღებაზე დაეყოლიებინა წმიდა მიქაელი, მაგრამ როცა ვერას გახდა , წმიდანს მისი ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.