თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საძოვარზე ცხვრის ფარას მეხი დაეცა, რის შედეგადაც 530 სული პირუტყვი გაწყდა, აცნობა „Sputnik-საქართველოს“ ფერმერმა ნიკოლაი ლევანოვმა.
შემთხვევა 9 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 5 საათზე მოხდა. მეხი ზედიზედ ორჯერ დაეცა საძოვარს, სადაც რამდენიმე ფერმერის კუთვნილი საქონელი ძოვდა.
როგორც ნიკოლაი ლევანოვმა განმარტა, თითო ცხვრის ღირებულება 250-300 ლარია, აქედან გამომდინარე, სტიქიის შედეგად ფერმერებისთვის მიყენებული ზარალი 100.000 ლარს აჭარბებს.
„მივმართე ნინოწმინდის გამგეობას და მათ მითხრეს, რომ 1.000 ლარით ამინაზღაურებდნენ ზარალს, რაც ძალიან ცოტაა. პირადად მე 140 სული ცხვარი დამეღუპა და ჩემი დანაკარგი სულ მცირე 35.000 ლარია. არ ვიცი კიდევ ვის უნდა მივმართო“, – თქვა ლევანოვმა.
ფერმერის თქმით, დახოცილ ცხვარს გაანადგურებენ.