თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. ჭექა-ქუხილის დროს 550 ცხვარი დაიხოცა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთი) პატარა აბულის მთაზე, აცნობეს Sputnik-საქართველოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ალექსანდრე მიქელაძის თქმით, ორშაბათს ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო. დილით მერიას დაუკავშირდა ადგილობრივი ფერმერი, რომელმაც რამდენიმე ასეული ცხვრის დახოცვის შესახებ აცნობა.
„სიმართლე გითხრათ, ასეთი შემთხვევა პირველად მოხდა. არ გაგვიგია, რომ ჭექა-ქუხილის გამო ამდენი ცხვარი დახოცილიყოს. რა თქმა უნდა მერია დაეხმარება, მაგრამ ჯერ ფერმერმა უნდა მოიტანოს სპეციალისტების დასკვნა, რათა ზუსტად განისაზღვროს მასობრივი დახოცვის მიზეზი“, - განაცხადა მიქელაძემ.
მისი თქმით, დაახლოებით 150 ცხვარი ეკუთვნის ადგილობრივ მცხოვრებს სოფელ ტამბოვკადან, დანარჩენები კი ფერმერს სხვა მუნიციპალიტეტიდან.
საძოვარი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
მერიაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ცხვრების მასობრივი დახოცვის საკითხს შეისწავლის. კომისიის ანგარიში შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი.
საქართველოში ერთი ცხვრის ფასი საშუალოდ 350 ლარს შეადგენს.