რეკლამა კოსმოსში: ილონ მასკი ორბიტაზე ციფრულ ბანერს განათავსებს

სარეკლამო თანამგზავრის შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ კოსმოსში საკუთარი ლოგოტიპის განთავსებას ბევრი ცნობილი ბრენდი და კომპანია მოისურვებს.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ილონ მასკის კომპანია SpaceX და კანადური ტექნოლოგიური სტარტაპი Geometric Energy Corporation (GEC) ორბიტაზე სარეკლამო ფარის გაშვებას აპირებენ, იუწყება Business Insider-ი.
როგორც GEC-ის გენერალურმა დირექტორმა სემუელ რიდმა განუცხადა გამოცემას, კომპანია ქმნის თანამგზავრს სახელწოდებით CubeSat, რომელსაც ორბიტაზე SpaceX Falcon 9 გაიყვანს და კოსმოსში გაუშვებს, თავად კი მთვარისკენ განაგრძობს გზას.
​კოსმოსში აღმოჩენის შემდეგ თანამგზავრის ცალ მხარეს დამაგრებული სელფი-ჯოხი ციფრულ ბანერზე ასახული რეკლამის გადაღებას და ტრანსლაციას დაიწყებს YouTube-ის ან Twitch-ის პირდაპირ ეთერში.
სარეკლამო თანამგზავრის შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ კოსმოსში საკუთარი ლოგოტიპის განთავსებას ბევრი კომპანია მოისურვებს.
როგორც მოსალოდნელია, დამკვეთები მომსახურების საფასურს კრიპტოვალუტით გადაიხდიან. რეკლამის განთავსებისთვის საჭირო იქნება ხუთი ტიპის ტოკენის შეძენა, რომლებიც პასუხს აგებენ კოორდინატებზე, ფერების სიმკვეთრესა თუ განთავსებაზე.
რიდის თქმით, CubeSat-ის გაშვება 2022 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.