თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. აზერბაიჯანული ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო–თბილისი–ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისებს შეასრულებს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ავიაკომპანია ფრენებს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელებს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, შემდეგ კი ბაქოში გადაფრინდება. შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება“, – განმარტა თურნავამ.
Silk Way West Airlines პირველ რეისს 10 აგვისტოს განახორციელებს. ამ მიმართულებით მრავალჯერადი ფრენები იგეგმება.
„ჰაერის მეხუთე თავისუფლება“ – ესაა ხელშეკრულება, რომელიც ავიაკომპანიას, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ფრენებს ასრულებს, ბორტზე იმ მგზავრების აყვანისა და ტვირთის ატანის უფლებას აძლევს, რომლებიც მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაყვანად თუ გადასატანადაა გამიზნული.