თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ვაქცინაციის პროცედურის წესში ცვლილება შევიდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
„მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდ-გადატანილი პირები ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან“, – განაცხადა ღიბრაძემ.
მისი თქმით, საზღვრის კვეთისას პირებზე, რომლებსაც გადატანილი აქვთ COVID-19 და არიან ერჯერადად ვაქცინირებული, იგივე რეგულაცია გავრცელდება, რაც ორი დოზით აცრილ პირებზე.
მიუხედავად კოვიდ-ისტორიისა, ადრე პირი ვაქცინირებულად იმ შემთხვევაში ითვლებოდა, თუ მას ვაქცინაციის სრული კურსი (ორი დოზა) ჰქონდა გავლილი.