9/11-ის მსხვერპლთა ოჯახები ბაიდენს მემორიალურ ცერემონიებზე დაშვებაზე უარით ემუქრებიან

დაღუპულთა ოჯახების წევრები პირობას დებენ, რომ თუ ბაიდენი დოკუმენტს არ გამოაქვეყნებს, ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ პრეზიდენტის მონაწილეობას მემორიალურ ცერემონიებში.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. წერილს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2001 წლის 11 სექტემბრის შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ, ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახების 1800-მა წევრმა მოაწერა ხელი, იუწყება BBC. 
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: რესპუბლიკელმა სენატორებმა ბაიდენს ულტიმატუმი წაუყენეს
გავრცელებული ინფორმაციით, ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები თავდასხმაში საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაწილეობაზე მიანიშნებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გასაჯაროებული.
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე არ გამოქვეყნდება, წერილის ავტორები სახელმწიფოს მეთაურისგან მოითხოვენ – არ დაესწროს თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტერაქტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიებს.
„ჩვენ არ შეგვიძლია კეთილსინდისიერად და პატივისცემით მოვეკიდოთ დაღუპულებს, დაავადებულებსა და დაჭრილებს, მივესალმოთ პრეზიდენტს ჩვენს წმინდა მიწებზე მანამ, სანამ ის თავის მოვალეობას არ შეასრულებს“, — ნათქვამია წერილში.
მიმართვის ავტორები ურჩევენ ბაიდენს, შორს დაიჭიროს თავი იმ ადგილებისგან, სადაც ტერაქტები მოხდა — ნიუ-იორკისგან, ვირჯინიისა და პენსილვანიისგან. ამასთან ისინი პირობას დებენ, რომ თუ ბაიდენი საუდის არაბეთის მთავრობის მხარს დაიჭერს, ისინი იძულებული იქნებიან, საჯაროდ გაუწიონ წინააღმდეგობა მის ნებისმიერ მონაწილეობას მემორიალურ ცერემონიებში.
როგორც დაღუპულთა ოჯახების წევრები ირწმუნებიან, საუდის არაბეთის უმაღლეს ხელისუფლებაში იცოდნენ, რომ ტერაქტი მზადდებოდა, მაგრამ არაფერი იღონეს მის აღსაკვეთად. სამეფოს ხელისუფლება უარყოფს ამ ბრალდებას და გამორიცხავს ყველა ეჭვს თავდასხმებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
2001 წლის 11 სეექტემბრის ტერაქტში დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დაიღუპა. გამოძიებით დადგინდა, რომ თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ალ ქაიდამ“ დაგეგმა და განახორციელა, რომლის წევრთა უმეტესობა საუდის არაბეთის მოქალაქე იყო.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მეოთხეა ჯორჯ ბუშის, ბარაკ ობამას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციების შემდეგ, რომელიც უარს ამბობს გამოძიების საიდუმლო მასალების გამოქვეყნებაზე. უარის მიზეზად ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული მოსაზრებებია დასახელებული.