თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის - ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ლევან მაისაშვილს კორონავირუსი ივლისის პირველ რიცხვებში დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფილტვების ძლიერი დაზიანება აქვს.
„ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ. ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში - Milpark hospitals. ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩართულია საქართველოს ელჩი ბექა დვალი, ასევე იოჰანესბურგში მოღვაწე ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი.
„ძალიან წარმატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია, ყველაფერს უკეთებენ“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
კორონავირუსის შემთხვევების გამო ივლისში გაუქმდა საქართველოს რაგბის ნაკრების მატჩები სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიასთან.