თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საჯარო მოხელეებს 2022 წლის იანვრიდან ხელფასები ეტაპობრივად გაეზრდებათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
პრემიერის თქმით, ხელფასების ზრდა შეეხება მერებსაც, რომელთა ხელფასებიც ამ დრომდე 1.800-2.000 ლარს შეადგენს. მისი თქმით, მათი ანაზღაურება პრაქტიკულად გაორმაგდება.
„წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა. 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას დავიწყებთ. წარმოუდგენელია მართლაც, რომ მერმა 2.000 ლარად იმუშაოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული პირები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, სახელმწიფო სექტორი ვერ უძლებს კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის დროული გადაწყვეტა.