თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით საჯაროდ აიცრა.
პრემიერმა აცრა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩაიტარა. მთავრობის მეთაურის ვაქცინაციის პროცესს კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესწრებოდა.
„ოთხი თვის წინ მე გადავიტანე კოვიდი საკმაოდ იოლ ფორმებში, რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად მე ჩავიტარე აცრა, რომ კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი მეუღლე ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა, ასევე ვაქცინირებულები არიან მისი მშობლებიც.
პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად.
რაც შეეხება რეგულაციებს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორშაბათს რიგგარეშე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს პირბადის ტარების და სხვა რეგულაციაზე, რაც ფესტივალების და სხვა საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებების ჩატარებას ეხება. მისი თქმით, ლოკდაუნი არ იგეგმება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინირებულია 626.343 ადამიანი, მათგან სრული, ორი დოზით – 194.449 პირი.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. დღევანდელი მონაცემებით, 17:00 საათზე ოთხივე ვაქცინაზე 134 ათასი თავისუფალი ჯავშანი იყო.