კასპში მოსახლეობა სასმელი წყალის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა

კავთისხეველები სასმელი წყლის პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან, მუნიციპალიტეტის მერია კი პრობლემის მოგვარების ვადებს ჯერჯერობით ვერ ასახელებს
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
რა იგეგმება ქვეყანაში წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად
ადგილობრივების განცხადებით, ხელისუფლებამ წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წლის წინ განახორციელა და სოლიდური თანხა დახარჯა, თუმცა ადგილობრივებს სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ და ისიც დაბინძურებული მიეწოდებათ.
კავთისხეველები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცენტრალურ მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, მათთვის კავთისხეველების პრობლემის შესახებ ცნობილია, თუმცა ვერ აკონკრეტებს, როდის მოხდება მისი მოგვარება.