ამირან გამყრელიძე  გარკვეული შეზღუდვების შემოღებას არ გამორიცხავს

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.344-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 447.913-ს მიაღწია
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საქართველოში უახლოეს პერიოდში შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11,96%-ია, ბოლო 14 დღის - 8,62%, ბოლო 7 დღის - 9,64%. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 30 ადამიანი. კლინიკებში მკურნალობის კურსს 6.511 ადამიანი გადის. აქედან მძიმე მდგომარეობაშია 1.308 პაციენტი.
„ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ჯერჯერობით, იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები, ამიტომ ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
„მქონდა ბევრი ანტისხეული“: ირაკლი ღარიბაშვილი საჯაროდ აიცრა
ამირან გამყრელიძის თქმით, განიხილება გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და გარკვეული შეზღუდვების შემოღება.
დღეს მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა ასევე პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხვალინდელ უწყებათაშორის საბჭოზე იმსჯელებენ ახალ რეგულაციებზე, რომლებიც შეეხება პირბადის ტარებას, ფესტივალებსა და მასობრივ ღონისძიებებს.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის შესაკავებლად აუცილებელია დღეში 25 ათასი ადამიანი აიცრას.
„ივლისთან შედარებით, თითქმის 3-ჯერ გავზარდეთ საშუალო აცრის დღიური მაჩვენებელი, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ აგვისტოში გვაქვს 18 ათასამდე დღიური აცრა, საშუალოდ. ამით მაინც არ ვართ კმაყოფილი, სასურველია როგორმე ავიდეთ 25 ათასზე. თუ შევძლებთ 25 ათასი აცრა ვაკეთოთ დღეში, ქვეყნის მასშტაბით, დამერწმუნეთ, რომ ძალიან სწრაფად შევაკავებთ პანდემიას“, - აცხადებს გამყრელიძე.
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით: 8 აგვისტოს მონაცემები
საქართველოში იზრდება ამცრელი ზონების რიცხვი. იმ სოფლებში და ამბულატორიებში, სადაც დღემდე შეუძლებელი იყო Pfizer-ის აცრების გაკეთება, უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიკეთოს სასურველი ვაქცინა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.344-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 447.913-ს მიაღწია.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 626.343 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 194.449 ადამიანი.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. დღევანდელი მონაცემებით, 17:00 საათზე ოთხივე ვაქცინაზე 134 ათასი თავისუფალი ჯავშანი იყო.