თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა არის უდიდესი ამოცანა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს მიმდინარე სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მენაშენეთა პროექტის“ ფარგლებში ბინათმშენებლობის ახალი მიმართულების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რადგან საუბარია 700 მილიონ ლარზე მეტ რესურსზე, რომელიც ბიზნესთან ერთად მოხმარდება ამ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტას.
„ვფიქრობთ, ეს ძალიან საინტერესო იქნება როგორც სამშენებლო კომპანიებისთვის, ასევე დეველოპერებისთვის, რადგან წარმოდგენილია სხვადასხვა მოდელი, სხვადასხვა გზა, სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობა ხელისუფლებასა და კერძო ბიზნესს შორის იმ მნიშვნელოვანი და დიდი ამოცანის გადასაწყვეტად, რაც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2013 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების, მისი შესაბამისი სტრუქტურების, ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური მუშაობით ძალიან მაღალი ტემპებით მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემის – საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მოგვარება. 2013 წლიდან დღემდე 23 ათასი ოჯახია დაკმაყოფილებული, მაგრამ უახლოეს ორ წელიწადში ეს ტემპი პრაქტიკულად 50 პროცენტით და მეტით იზრდება, რადგან დაგეგმილია დამატებით 13 ათასი ოჯახის უზრუნველყოფა.
ნათია თურნავას შეფასებით, ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა იქნება ურთიერთსასარგებლო და ურთიერთსაინტერესო, რადგან იძულებით გადაადგილებულ პირთა უზრუნველყოფის მთავარი ამოცანაც იქნება გადაწყვეტილი და ამავდროულად ეს არის ძალიან დიდი სახელმწიფო ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც მოხმარდება დარგს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა, მენაშენეთა ასოციაციისა და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია მენაშენეთა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წარადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მარტო 2021 წელს ახალ საცხოვრებელ ფართს დაახლოებით 3 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესში. ფართების განაწილების კრიტერიუმები კიდევ უფრო დაიხვეწა და მაქსიმალურად არის მორგებული იძულებით გადაადგილებულ პირთა მოთხოვნებზე, განაცხადა ტიკარაძემ.
შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო 13 ათასი იძულებით გადაადგილებული ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას გეგმავს.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. აქედან თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს. ამის შემდეგ კომისიის წევრები თითოეული დევნილის საკითხს ადგილზე სწავლობენ.
ახალაშენებულ კორპუსებში ახალგარემონტებული ბინების სახელმწიფოს მიერ შესყიდვა და დევნილი ოჯახებისთვის გადაცემა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა როდია.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.