თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსული დაავადების წინააღმდეგ ბუსტერულ აცრებზე დროებით მორატორიუმის გამოცხადებაა საჭირო, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
გებრეიესუსის თქმით, ბუსტერული ვაქცინაცია კიდევ მეტად აღრმავებს უფსკრულს ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ჯანმოს დირექტორის თქმით, ეს პროცესი სექტემბრის ბოლომდე მაინც უნდა შეჩერდეს.
„მე მესმის მთავრობების შფოთვა, რომლებსაც თავიანთი მოქალაქეების დაცვა სურთ კორონავირუსის „დელტა“ შტამისგან. მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც უკვე გამოყენებული აქვთ ვაქცინების გლობალური მიწოდებების დიდი ნაწილი, კიდევ მეტი გამოიყენონ“, — თქვა გებრეიესუსმა.
აღინიშნება, რომ მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებმა მაისში დაახლოებით 50 დოზა ვაქცინა მიიღეს ყოველ 100 მოსახლეზე. ჯანმოს ინფორმაციით, ამ დროისათვის ეს მონაცემები გაორმაგებულია. რაც შეეხება დაბალი შემოსავლების ქვეყნებს, მათ მხოლოდ 1,5 დოზა მიიღეს ყოველ 100 კაცზე — მიწოდებების არარსებობის გამო.
ჯანმოს დირექტორს მიაჩნია, რომ მსოფლიო ახლა სასწრაფოდ უნდა გადაერთოს ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაციის გაძლიერებაზე.
მანამდე, იმისათვის, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელება შეეჩერებინა, ზოგმა ქვეყანამ ვაქცინების ბუსტერული დოზების გამოყენება ან უკვე დაიწყო, ან მესამე დოზით აცრის აუცილებლობას განიხილავს. და ეს მაშინ, როდესაც მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობენ, საჭიროა თუ არა დამატებითი აცრა.
აღსანიშნავია, რომ ბუსტერულ დოზებზე რეკომენდაცია ამ დროისათვის არც ჯანმოს და არც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრებს (CDC) არ აქვთ გაცემული. როგორც მანამდე Pfizer-ის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, კომპანია აგვისტოს შუა რიცხვებისთვის აპირებს ოფიციალურად წარუდგინოს აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს მონაცემები COVID-19-ის წინააღმდეგ მესამე დოზით ვაქცინირების უპირატესობის შესახებ.
რაც შეეხება ჯანმოს, იქ აღნიშნავენ, რომ ორგანიზაცია ჯერ ისევ სწავლობს რევაქცინაციის აუცილებლობას ვირუსის მიმართ დაცვის გაძლიერების მიზნით.