პრემიერი გენო პეტრიაშვილს: გული არ გაიტეხო!

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში ბოლო წამებზე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მოჭიდავეს გენო პეტრიაშვილს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებში აღებული ვერცხლის მედლისთვის მადლობა გადაუხადა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველი ფალავანი, რომელიც 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში ამერიკელ გეიბლ დან სტივენსონს შეხვდა და ანგარიშით 8:10 დამარცხდა.
„გული არ გაიტეხო, გენო! მომავალი, კიდევ უფრო დიდი წარმატებები წინ გაქვს! ჩვენ ყველანი ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე!" – დაწერა ღარიბაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
27 წლის გენო პეტრიაშვილის კარიერაში უკვე ორი ოლიმპიური მედალია. ქართველმა მოჭიდავემ 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა, ტოკიოში კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
მორიგი ვერცხლი საქართველოს აქტივში – პეტრიაშვილი ფინალში დამარცხდა>>
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე ამ დროისათვის რვა მედალია, რაც საქართველოსთვის სარეკორდო მაჩვენებელია.