სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე პირებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით ეპიდემიოლოგები მასწავლებლებსა და სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე პირებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც პედაგოგები და სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე სხვა პირები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამყრელიძე: დამსაქმებლებმა ვაქცინირებული თანამშრომლები უნდა წაახალისონ
უწყების ინფორმაციით, მასობრივ ვაქცინაციაში აქტიურად ერთვებიან საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები.
მათ შესაძლებლობა აქვთ, მივიდნენ აღნიშნულ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა.
სამინისტროს ინფორმაციით, მსურველები არჩევანს გააკეთებენ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის.
დღეს მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
პედაგოგები და სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე სხვა პირები რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია.
ამ დროისთვის საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ აცრილია 564.691 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 178.077 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.