თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ჩემი პირადი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის – იყოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, ეს საკითხი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც განიხილეს და „როცა რამე გადაწყდება, საზოგადოებას აცნობებს“.
„აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას! ვის რა არ უნდა, ჩანს IRI-ს გამოკითხვაში. გამოკითხვაში ნათქვამია, ვის რა მოთხოვნა აქვს იგივე აცრებზე. ჩემი კოლეგები ახლა მუშაობენ ზღვარზე ყველგან და ადამიანებს, რომლებიც, აი, ასე მუშაობენ, დავუფასოთ, გავიკეთოთ პირბადე და ავიცრათ, რომ ჩემი კოლეგები ნაკლებად იყვნენ სტრესის ქვეშ“, – განაცხადა იმნაძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს. ბოლო მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში ცირკულირებული ვირუსის შემთხვევებიდან 80% სწორედ ინდური ვარიანტია.
ეპიდემიოლოგების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გარკვეული, წერტილოვანი შეზღუდვები უნდა დაწესდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა, თუ მეოთხე ტალღის პიკმა დროულად არ გადაიარა, ამას ვეღარ გაუძლებს.
ქვეყნის ჩაკეტვის და ხელახლა მკაცრი შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგია მთავრობა, რომელიც აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა, რომელიც ამჟამად დამაჯერებლად იზრდება, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. როგორც ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ვირუსთან გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა.
ამ დროისათვის საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ აცრილია 564.691 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 178.077 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 393.453 ადამიანი, გარდაიცვალა 5.986 პაციენტი.